English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ვახტანგ ბურდული
ცოდნის ეკონომიკის არსი და მისი ადგილი თანამედროვე ეკონომიკების სისტემაში

ვრცელი რეზიუმე

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იზრდება იმის გაგება, რომ საჭიროა მოქმედი ეკონომიკური სისტემის არსებითი რეფორმირება, რაც დაკავშირებულია გახშირებული ეკონომიკური კრიზისების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების, ასევე იმ საფრთხეების ნეიტრალიზაციის აუცილებლობასთან, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი გარემოს დაბინძურებით, კლიმატის ცვლილებით, არცთუ შორეულ მომავალში რიგი უმნიშვნელოვანესი არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის მოსალოდნელი გამოფიტვით, ნარჩენების დაგროვებით და ა. შ. ამიტომ, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, ხდება “ალტერნატიული” ეკონომიკების ფორმირება, უპირველეს ყოვლისა, ინოვაციური ეკონომიკის, “მწვანე” ეკონომიკისა და „წრიული“ (მრავალბრუნვადი) ეკონომიკის. ამასთან ერთად, მეცნიერები დიდ ყურადღებას უთმობენ “ცოდნის ეკონომიკის”, “ინფორმაციული საზოგადოების” (ინფორმაციული ეკონომიკის) და გლობალური ქსელური ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების დამუშავებას. როგორც ცნობილია, განვითარებულ ქვეყნებში ამჟამად მთავარი ტენდენციაა ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობა, რომლისთვისაც ძირითადად მუშავდება სახელმწიფო და საბაზრო (ბიზნეს-) კოორდინაციის მექანიზმები. ბოლო დროს, ინოვაციური ეკონომიკის თეორიასთან ერთად, განსაკუთრებით ვითარდება ცოდნის ეკონომიკის თეორია. ამიტომ, ამ ნაშრომში შევეცადე ამეხსნა ცოდნის ეკონომიკის არსი, ინოვაციური ეკონომიკის სტრუქტურის კომპონენტების ერთობლიობისა და ცოდნის ეკონომიკის სტრუქტურის კომპონენტების ერთობლიობის შედარების გზით დამედგინა ამ ეკონომიკების შეთავსებადობის ხარისხი. ნაშრომში ასევე ახსნილია ცოდნის ეკონომიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტებისის თანამედროვე ინტერპრეტაცია და შინასარსი, როგორიცაა “განათლება” (რომლებიც შედის როგორც ცოდნის ეკონომიკის, ასევე ინოვაციური ეკონომიკის სტრუქტურაში), “ინტელექტუალური კაპიტალი”, “ეკონომიკის ინფორმაციული სექტორი” და “ქსელური სტრუქტურები”. ეს კომპონენტები მე წარმოვადგინე არა როგორც ცალკეული ეკონომიკები, არამედ როგორც ცოდნის ეკონომიკისა და ინოვაციური ეკონომიკის შემადგენელი ელემენტები.

ბევრი ეკონომისტი თვლის, რომ ამჟამად გავრცელებული ისეთი ცნებები როგორც “ინოვაციური ეკონომიკა”, “ინფორმაციული საზოგადოება”, “ახალი ეკონომიკა”, “პოსტინდუსტრიული ეკონომიკა” სინონიმებია ცნებისა “ცოდნის ეკონომიკა”. ასე მაგალითად, მ. ჩენცოვა თანამედროვე ეკონომიკის რიგი სადისკუსიო კონცეფციის ანალიზის საფუძველზე აჩვენებს, რომ ცოდნის ეკონომიკა უნდა განიხილებოდეს სისტემურად და კომპლექსურად ფართო გაგებით. ამ შემთხვევაში იგი გამოდის როგორც:

- პოსტინდუსტრიული ეკონომიკა, რადგანაც ადგილი აქვს მომსახურების სფეროს წილის ზრდას, რომელიც პროცენტულ ფარდობაში იწყებს დომინირებას მატერიალური წარმოების სფეროზე;
- ინფორმაციული ეკონომიკა, რადგანაც ინფორმაცია (ცოდნა, მეცნიერება) იწყებს გადამწყვეტი როლის თამაშს როგორც წარმოების ფაქტორი;
- ინოვაციური ეკონომიკა, რადგან ინოვაციურად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ეკონომიკა, რომელშიც ცოდნა იძლევა სიახლეების უწყვეტი ნაკადების გენერირების შესაძლებლობას, რომლებიც აკმაყოფილებს დინამიურად ცვალებად მოთხოვნებს, ამასთან, ხშირად ახდენს ამ მოთხოვნების ფორმირებასაც;
- გლობალური ქსელური ეკონომიკა, რადგან ცოდნის ეკონომიკაში ცოდნის მატარებლებს შორის ურთიერთქმედება ხდება გლობალურ მასშტაბებში ფართო ქსელური კავშირების შუამავლობით (მათ შორის ინტერნეტის ქსელის მეშვეობით);

სტატიაში მოყვანილი ინოვაციური ეკონომიკის გაფართოებული დეფინიციებიდან ნათელია, რომ ცოდნის ეკონომიკის კომპონენტები _ სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, R&D, ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაციები და სხვა წარდგენილია თითქმის სრული შემადგენლობით ინოვაციურ ეკონომიკაში. ცოდნის ეკონომიკის კომპონენტების სტრუქტურის მოყვანილი ვარიანტებიდან კი ჩანს, რომ ინოვაციური ეკონომიკის სტრუქტურის კომპონენტები წარდგენილია ცოდნის ეკონომიკის სტრუქტურის კომპონენტების ყველა მოყვანილ სისტემატიზაციაში. აქედან გამომდინარეობს, რომ ინოვაციური ეკონომიკისა და ცოდნის ეკონომიკის ცნებები სინონიმები თუ არა, შინაარსობრივად მაინც საკმაოდ მსგავსი ცნებებია.

რაც შეეხება ისეთ ცნებებს, როგორიცაა “ინფორმაციული ეკონომიკა” და “გლობალური ქსელური ეკონომიკა”, რომლებსაც ზოგიერთი ეკონომისტი გააიგივებს “ცოდნის ეკონომიკასთან”, ისინი, ჩემი აზრით, ცოდნის ეკონომიკის სინონიმებს კი არა, არამედ მის სტრუქტურულ კომპონენტებს წარმოადგენენ, რაც, მაგალითად, ჩანს ცოდნის ეკონომიკის კომპონენტების სისტემატიზაციის სტატიაში მოყვანილ ვარიანტებიდან.

ინოვაციური ეკონომიკის განსაზღვრებაში ვიკიპედიის მიხედვით, ინოვაციური ეკონომიკის სინონიმად წარდგენილია ინტელექტუალური ეკონომიკა, მაგრამ ეს არასწორია, ცნება “ინტელექტუალური კაპიტალი” კი შედის ინოვაციურ და ცოდნის ეკონომიკებში სტრუქტურული კომპონენტის სახით, რაც განიხილება მრავალ პუბლიკაციაში.

ამრიგად, ინტელექტუალური კაპიტალი, ინფორმაციული სექტორი და ქსელური ეკონომიკა წარმოადგენს არა ცოდნის და ინოვაციური ეკონომიკების სინონიმებს, არამედ მათი ინფრასტრუქტურის კომპონენტებს. ვინაიდან ინოვაციური ეკონომიკის შესახებ ჩვენს ადრეულ სამუშაოებში ეს კომპონენტები არ განიხილებოდა, ამ ნაშრომის ბოლო ნაწილები მათ განხილვას მიეძღვნა. ასევე მოკლედ განხილულია განათლების სისტემაც.

მაშასადამე, ცოდნის ეკონომიკის ცნების განსაზღვრებების ანალიზიდან და კვლევის შემდგომი ლოგიკიდან ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ცნების თანამედროვე განსაზღვრება უნდა იყოს შემდეგი: ცოდნის ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც კონცენტრირებულია ინტელექტუალურ კაპიტალში (ადამიანისეული, ორგანიზაციული და ურთიერთობების კაპიტალი), განათლების სისტემაში, ინფორმაციულ გარემოში, ქსელურ სტრუქტურებში და, რაც მთავარია, ინოვაციურ სისტემებში, რომლებშიც გამოიყენება შესაბამისი საფინანსო რესურსები.

ნაშრომში ასევე განსაზღვრულია ცოდნის ეკონომიკის ადგილი თანამედროვე ეკონომიკების სისტემაში. ინოვაციური ეკონომიკისა და ცოდნის ეკონომიკის ინფრასტრუქტურების კომპონენტების ერთობლიობის შედარების საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ ცნებები “ცოდნის ეკონომიკა” და “ინოვაციური ეკონომიკა” სინონიმები თუ არა, შინაარსობრივად მაინც ძალიან დაახლოებული ცნებებია _ ისინი განსხვავდებიან მხოლოდ “განათლების” კომპონენტით, რომელიც ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, მაგრამ ფორმალურად არ შედის ინოვაციური ეკონომიკის კომპონენტების რიცხვში. ჩვენი აზრით, ისეთი ცნებები, როგორც “ინფორმაციული ეკონომიკა”, “ინტელექტუალური ეკონომიკა” და “ქსელური ეკონომიკაა” არ წარმოადგენენ ცოდნის ეკონომიკის და ინოვაციური ეკონომიკის სინონიმებს, არამედ შედიან მათში როგორც სტრუქტურული კომპონენტები სახელწოდებით “ინტელექტუალური კაპიტალი”, “ეკონომიკის ინფორმაციული სექტორი” და “ქსელური სტრუქტურები” (რაც განიხილება ამ ნაშრომში ციტირებულ მრავალ პუბლიკაციაში).

დასასრულს, საჭიროდ ჩავთვალეთ აღვნიშნოთ შემდეგი გარემოება: მრავალი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა თანამედროვე ეკონომიკის მრავალი სადისკუსიო კონცეფცია. მაგრამ თუ “ცოდნის ეკონომიკის” კონცეფცია ჯერ კიდევ იმყოფება სადისკუსიო სტადიაში, “ინოვაციური ეკონომიკის” კონცეფცია უკვე დიდი ხანია პოულობს პრაქტიკულ განსახიერებას ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, რაც განიხილება, ანალიზდება და სისტემატიზებულია ჩვენი ინსტიტუტის მრავალ პუბლიკაციაში (იხ., მაგ.: [Abesadze R., Burduli V. 2018, LAP LAMBERT Academic Publishing; Abesadze R., Burduli V. 2018, IJONESS; Burduli V. 2019; და მრავალი სხვა]). ასე რომ, კონცეფციების რეალობაში პრაქტიკული განსახიერების დროს, პირველ რიგში აუცილებელია იმ თეორიული და პრაქტიკული ორიენტაციის ნაშრომებზე დაყრდნობა, რომლებიც ეძღვნება ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების საკითხებს.